საზოგადოება
08.06.2021 10:42
საქართველოში 2020-2021 სასწავლო წელი ერთ კვირაში დასრულება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი ტრადიციულად 15 ივნისს დასრულდება. კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო, ზოგიერთი სკოლა, ამ ეტაპზე, სწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს და შესაბამისად, სწავლის დასრულების თარიღამდე თუ თვითიზოლაციის ვადა არ ამოიწურება, სასწავლო წლის დასრულებაც, ონლაინ მოუწევთ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დისტანციური სწავლება მხოლოდ გორის მესამე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, თუმცა, ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულება საკლასო სწავლებას 10 ივნისს უბრუნდება.

„მიმდინარე სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება, დღეის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში, სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ გორის მესამე საჯარო სკოლაა გადასული. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას თვითიზოლაციისთვის გათვალისწინებული პერიოდი 10 მივნისს ეწურება, შესაბამისად, სკოლა საკლასო სწავლებას 10-ში დაუბრუნდება. ასევე 10 ივნისს იწურება გორის მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასის თვითიზოლაციისთვის გათვლილი პერიოდიც.

თუ სასწავლო წლის დასრულებამდე, სკოლებში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლინდა, გორის მუნიციპალიტეტის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო წელს სკოლის კედლებში დაასრულებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სასწავლო წლის დაწყების და დასრულების ვადები განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი. ამასთან, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - 20 მაისს.

კვირის ამბები