საზოგადოება
13.11.2019 12:38
ავტოავარიების რაოდენობა10.2%-ით შემცირდა, შსს საგზაო უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 10.2%-ით შემცირდა - აღნიშულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის თქმით, უბედური შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება შსს-ს წარმოებული კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ - შედეგია.
„საგზაო უსაფრთხოების კამპანიას - „მეტი სიცოცხლისათვის“ აქტიურად ვაგრძელებთ და მალე, პროექტის განხორციელების ახალი ეტაპსაც დავიწყებთ. მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მიმართულებით გავაგრძელებთ. მოგეხსენებათ, ზემოხსენებული კამპანიის ფარგლებში, აპრილის შუა რიცხვებიდან, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, შეიქმნა ვებგვერდი: formore.life და ფეისბუქ-გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე იდება. ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის გაცნობა და გაცნობიერება თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ დააფიქრებს თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას,“ - განაცხადა ნინო ჯავახიძემ.
შეგახსენებთ, 2019 წლის ბოლომდე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გზებზე 5 ათასამდე ვიდეოკამერას დაამონტაჟებს, აქედან 2,1 ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერა იქნება.
კვირის ამბები