მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის თანახმადაც, მოსწავლე, რომლის აკადემიური მოსწრება საშუალო საფეხურზე დამრგვალების გარეშე 10 ქულაა, ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს დაიმსახურებს.
უკვე არის თუ არა ცნობილი, სავარაუდოდ, რამდენი მედალოსანია წელს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში - აღნიშნულის შესახებ, GMnews-ს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ესაუბრა.
„ბოლო ორი წელია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობის გამო, სასწავლო პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს, ზოგიერთ სკოლას ნაწილობრივ, ზოგიერთ კი - სრულად უწევდა გარკვეული პერიოდით ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელება, თუმცა, საბოლოოდ, სასწავლო წელი სრულდება და შემიძლია გითხრათ, რომ წელს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 249 ოქროს, 31 კი - ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წელს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 67 საჯარო და 6 კერძო სკოლა, 1 421-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.