სამართალი
06.06.2021 11:44
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა კვლავ მძიმეა
უკიდურესად მძიმე რჩება გორში, გვიან საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაშავებულს კლინიკა ,,გორმედში" წუხელ, გვიან ღამითვე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.
კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტი სტაციონარში პოლიტრავმით შეიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში. მრავლობითი დაზიანებით და აღნიშნული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე რჩება.
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა ქვეითმა. 18 წლის ბიჭი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
კვირის ამბები