2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან კი, გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან, - აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. სოფიო გორგოძის თქმით, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.
ცენტრის ცნობით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კანდიდატების რეგისტრაციას, 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკგვერდებზე.
ქვეყნის მასშტაბით კვლავ 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, მათ შორის, უცვლელია გორის საგამოცდო ცენტრის მისამართი - მე-3 საჯარო სკოლა (ქ.გორი, დ.ამილახვარის ქ. 26).