გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დღეს, სპექტაკლის -„სიყვარული შობს სიყვარულს“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
თანამედროვე რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი, მაყურებელს, იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, 19:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე წარუდგენს.
GMnews-ის ინფორმაციით, საპრემიერო ჩვენება ასევე დაგეგმილია 5და 19 ივნისსაც.
„იაკობ გოგებაშვილი - საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, პედაგოგი, პედაგოგიური თეორიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, მეცნიერი და, რაც მთავარია, ბავშვების საყვარელი მწერალი. ის ფაქტი, რომ დღესაც ქართული სკოლის სახლმძღვანელოების ნაწილი მის პრინციპებს ემყარება და სასკოლო განათლება მის იდეალებს იზიარებს, ადასტურებს მისი მოღვაწეობის მასშტაბებს. მოგეხსენებათ, იაკობ გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებმა: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, „ბუნების კარმა“ და „დედა ენამ“ დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში, ხოლო მისი მოთხრობები დღემდე ბავშვების საყვარელ საკითხავს წარმოადგენს. ვინაიდან, 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღე და ასევე იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების დღეა, გადავწყვიტეთ ზემოხსენებული სპექტაკლი რომელსაც დღეს გავმართავთ სწორედ მწერლის ხსოვნას მიეძღვნას“ - აცხადებენ ერისთავის სახელობის თეატრში.