გადასახადების შემცირების, კერძოდ, საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით, „ევროპული საქართველო“ გორში აქციას მართავს.
საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ახდენს ყველაფრის ფასზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ჩვენს გუნდთან და მის აქტიურ წევრებთან ერთად, გორშიც ვიწყებთ აქციას გადასახადების შემცირების, კერძოდ, საწვავზე აქციზის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომელიც შექმნილია ქვეყანაში არსებული პოლიტიკის შედეგად და დამატებით, ობიექტურად, კოვიდის შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მინიმალურ ნაბიჯსაც კი არ დგამს ხელისუფლება, რომ შეუმსუბუქოს წნეხი მოქალაქეებს, მეწარმეებს. საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ახდენს ყველაფრის ფასზე, ანუ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმირ მეწარმეს, ყველას ურტყამს და ეს მაშინ, როცა საერთაშორისო ფასები არ არის ახლა ძალიან მაღალი. არის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, მყისიერად, საშუალოდ 40 თეთრით შეუმსუბუქოს ადამიანებს თითო ლიტრზე ეს წნეხი და ეს არის საქწვავზე აქციზის გაუქმება. ჩვენი ამოცანაა, ყველგან შევაწუხოთ ხელისუფლება, რომ ეს ამბავი შევახსენოთ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
აქციის მონაწილეებმა მხარდამჭერების ავტომობილებზე სტიკერები გააკრეს და გორის ქუჩებში სიგნალებით მოძრაობენ.