სოფელ ქვახვრელში საირიგაციო სისტემაზე სატუმბი სადგური ჩაირთო, აღნიშნული სადგურის ჩართვის შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები - დოესი, ხოვლე და გრაკალი, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილები იქნებიან.
ქვახვრელში საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელთან გაბრიელ მაზმიშვილთან ერთად გაეცნო.
როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, სატუმბი სადგური ტექნიკური პრობლემების გამო დროებით შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებისა და საქართველოს მელიორაციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საკითხი დროულად გადაიჭრა.
„სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რადგანაც სოფლის მეურნეობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ადგილობრივ ფერმერებს გამართული ინფრასტრუქტურა მოემსახუროს და შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია“, - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.
ცნობისთვის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, უახლოეს პერიოდში იგეგმება სასირეთისა და კავთისხევის სატუმბი სადგურების ჩართვაც, რის შემდეგაც 15-მდე სოფელი გასარწყავიანდება.