გუშინ საღამოს, გორში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტზე, რაც შემდგომ ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ GMnews-ს შსს-ში განუცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, დაკავებულია თუ არა დანაშაულში ბრალდებული პირი.
გარდაცვლილი გორში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი, „ტრუტის“ მეტსახელით ცნობილი 42 წლის ზურაბ რიკრიკაძეა.
არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენჯერმე ნასამართლევია დანაშაულში ბრალდებული პირიც. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ცეცხლნასროლი დაზიანება რიკრიკაძეს სავარაუდოდ „სემსოტას“ მეტსახელით ცნობილმა შალვა გულიაშვილმა მიაყენა.
ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
„კლინიკაში მოყვანილ იქნა ავადმყოფი კრიტიკულ მდგომარეობაში, გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობით მარცხენა ბარძაყის არეში, ჰიპოოლემიური შოკით, სისხლის მასიური დანაკარგით. პაციენტი სასწრაფო წესით გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, რა დროსაც მოხდა გულის გაჩერება. დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა ერთჯერადად გულის ამუშავება, თუმცა, დაახლოებით 15-20 წუთში განმეორებით მოხდა გულის გაჩერება. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა „გორმედის“ ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.
შეგახსენებთ, შემთხვევა გორში გუშინ საღამოს მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირებისას მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.