სამართალი
04.06.2021 01:03
გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ზ.რ. დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. 42 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მომხდართან დაკავშირებით არსებული ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, წარსულში ნასამართლევია.

შემთხვევა 3 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 21-დან 22 საათამდე პერიოდში მოხდა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კვირის ამბები