მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ყოველწლიური კონკურსი - „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“ - გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმ სკოლაში, რომელ სკოლაშიც არის მოქმედი დირექტორი კონკურსის გამოცხადების მომენტში.
კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:
ა) საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას;
ბ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;
გ) განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.
მონაწილეებმა, საკონკურსო ვიდეოები უნდა გადააგზავნონ შემდეგ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com
რეგისტრაცია 2021 წლის 30 მაისს დაიწყო და 30 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.
აღნიშნული კონკურსი რამდენიმე ეტაპად წარიმართება: ტექნიკური გადარჩევა; ვიდეოჩანაწერის შეფასება; გასაუბრება; დირექტორის საქმიანობის შეფასება ადგილზე.
რეგისტრაციისთვის, უნდა ეწვიოთ შემდეგ ბმულს
ცნობისთვის, საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.