საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა. ახალი რედაქციის თანახმად, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ არეალზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა. შესაბამისად, ბაღების გასაშენებლად თანადაფინანსების მიღება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა შესაძლებელი.პროგრამაში ცვლილებებით დაზუსტდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, ჭის, ჭაბურღილის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დასაფინანსებელი ჰექტრებისა და თანადაფინანსების მოცულობაც.
„ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემთხვევაში კი, თანადაფინანსება მოხდება ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 15,000 ლარისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 18,000 ლარისა),“ - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.