02.06.2021 15:44
„სიყვარული შობს სიყვარულს“ - გორის თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. თანამედროვე რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი, მალე, მაყურებელს იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „სიყვარული შობს სიყვარულს“ წარუდგენს. საპრემიერო ჩვენება 4,5 და 19 ივნისსაა დაგეგმილი. წარმოდგენა 19:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
„იაკობ გოგებაშვილი - საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, პედაგოგი, პედაგოგიური თეორიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, მეცნიერი და, რაც მთავარია, ბავშვების საყვარელი მწერალი. ის ფაქტი, რომ დღესაც ქართული სკოლის სახლმძღვანელოების ნაწილი მის პრინციპებს ემყარება და სასკოლო განათლება მის იდეალებს იზიარებს, ადასტურებს მისი მოღვაწეობის მასშტაბებს. მოგეხსენებათ, იაკობ გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებმა: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, „ბუნების კარმა“ და „დედა ენამ“ დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში, ხოლო მისი მოთხრობები დღემდე ბავშვების საყვარელ საკითხავს წარმოადგენს. ვინაიდან, 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღე და ასევე იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების დღეა, გადავწყვიტეთ ზემოხსენებული სპექტაკლი რომელსაც მომდევნო დღეებში გავმართავთ სწორედ მწერლის ხსოვნას მიეძღვნას“ - აცხადებენ ერისთავის სახელობის თეატრში.