ნასვამი მძღოლის პასუხისმგებლობა გამკაცრდება, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეტანილია
პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მკაცრდება მძღოლის პასუხისმგებლობა, თუ ის საჭესთან ნასვამი ზის. ახალი რედაქციის თანახმად, თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს, ან თავს არიდებს შემოწმებას სიმთვრალეზე, მას მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ უკვე 1 წლით შეუჩერდება. იგივე შემთხვევის განმეორებისას (როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს), ერთწლიანი ვადა ძალაში რჩება, 700-ლარიანი ჯარიმა კი, 2000 ლარამდე იზრდება, ასევე ამას ემატება 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
ამავე კანონპროექტის თანახმად, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა. მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ამ სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარით, ნაცვლად 300 ლარისა.
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მისთვის, ვინც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად ახლანდელი 1000 ლარისა.
კანონპროექტი პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შეიტანეს. ამ კანონპროექტის თანახმად ცვლილებები შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლში. ცვლილებების მისაღებად კანონპროექტი საკომიტეტო და საპარლამენტო სხდომებზე უნდა განიხილონ.