საზოგადოება
01.06.2021 14:19
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში 35 000 ბავშვია ინფიცირებული, იგეგმება თუ არა მოზარდების ვაქცინაცია

ამ დროისთვის ბავშვებში რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, თუმცა, ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში 35 000 ბავშვია  ინფიცირებული, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის თქმით, შესაძლოა, 2022 წლიდან ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც დადგეს დღის წესრიგში.

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ვგულისხმობ ინფიცირების მაჩვენებელს. ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. თუ 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე დავთვლით, დაახლოებით, 35 000 ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული ამ პერიოდის განმავლობაში. ერთეული შემთხვევები გვაქვს დაფიქსირებული ბავშვებში გარდაცვალების.

არის იმედი და მოლოდინი იმისი, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი იქნება ქვეყანაში წარმატებით დასრულებული, 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე", - განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ორმა ქვეყანამ - კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება იგეგმება.

კვირის ამბები