ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო თარიღია. არსებული ვერსიით, ამ თარიღის 1-ლი ივნისს აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს, სან-ფრანცისკოში, ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ობოლი ჩინელი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). პარალელურად, ეს დღე დაემთხვა ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციას.
1949 წლის ნოემბერში, პარიზში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ იმსჯელა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაზე, რომელიც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. 1950 წლის 1 ივნისს კი, პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, წელს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მასშტაბური ზეიმისა და ღონისძიებების გარეშე ტარდება, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის რამაზ შიოშვილის თქმით, რეგულაციების დაცვით, გორში რამდენიმე მცირემასშტაბიანი ღონისძიება მაინც მოეწყობა და ამ ღონისძიებებს, სხვა დაწესებულებებთან ერთად, სპონსორობას მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს.