ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის საჭირო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სიახლე დანერგა.
ამიერიდან, 7 სახის სამოქალაქო აქტი: დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი დარეგისტრირდება და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობაც ელექტრონული დოკუმენტის ფორმით გაიცემა.
„სიახლის შედეგად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც დაზოგავს მათ დროსა და რესურს. დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება ელექტრონული მოწმობის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის წარდგენა, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმება და მზა დოკუმენტის მიღება/ჩამოტვირთვა“, - აცხადებენ სააგენტოში.
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების მისაღებად მოქალაქემ განაცხადი ელექტრონულად უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ხოლო სამოქალაქო აქტების პირველადი რეგისტრაციისას, მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურებს, ორივე შემთხვევაში ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლთა მეშვეობითაც პორტალზე „www. my. gov. ge“ და sda.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებით, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის, მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესები მაქსიმალურად იქნება დაცული.