საზოგადოება
01.06.2021 10:36
დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

1-ელ ივნისს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა - ზაბულონი, საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა. წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, ვაზის ჯვრით იმ პერიოდში შემოვიდა, როდესაც ტახტს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მართავდნენ. წმინდა ნინოს მეშვეობით, მცხეთაში, ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. შემდეგ კი, ნინოს მისიონერული მოღვაწეობა გაუგრძელებია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.

წმინდა ნინოს თქმით შეკრული ვაზის ჯვარი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.

 

 

 

კვირის ამბები