საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული რიგით მე-7 ტექნიკური შეხვედრა ამჯერადაც კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.
სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების პოზიციები კვლავ განსხვავებულია.
,,დღევანდელ შეხვედრაზეც პოზიციები იყო უცვლელი. ჩვენ ველოდებოდით ცხინვალელი მონაწილეებისგან უფრო მეტად კონსტრუქციულ პოზიციას, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ის შეთავაზებები, რომელიც ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები არ დაემთხვა ერთმანეთს. ასევე, ვისაუბრეთ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ პროცესებზე. მოგეხსენებათ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ დაუკავშირეს ამ თემას და კვლავ დავაყენეთ საკითხი ამ გადასასვლელების ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, პასუხი კვლავ არის უარი“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
ანთაძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების უკანონოდ დაკავების საკითხიც დააყენეს.
,,მოვიკითხეთ უკანონოდ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მივიღეთ პასუხი, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს, განმიცხადეს, რომ გადიან ე.წ. პროცედურებს და ზუსტ დროს გვეტყვიან სავარაუდოდ მოგვიანებით“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მოლაპარაკების მონაწილეები დიალოგის გაგრძელებაზე კვლავ შეთანხმდნენ. მომდევნო შეხვედრის თარიღი ცხელი ხაზის მეშვეობით დაზუსტდება.