საზოგადოება
01.06.2021 09:32
ვალერიან მჭედლიძე სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობას დღეიდან შეუდგება - ვინ არის შიდა ქართლის ახლადდანიშნული გუბერნატორი

შიდა ქართლის ახლადდანიშნულ გუბერნატორს, სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დანიშვნამდე, 2018 წლიდან 2021 წლის 31 მაისამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა. მანამდე კი, სხვადასხვა პერიოდში, 2005 წლიდან, მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსად, ამავე  სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად, ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატში რეგიონული მართვის საკითხებში ჯერ წამყვან, შემდეგ კი მთავარ სპეციალისტად.

რაც შეეხება მჭედლიძის კვალიფიკაციას, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგარეო ვაჭრობის სპეციალობით, შემდგომ კი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით - ჰიდრომელიორატორი.

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში 1981 წლის 3 იანვარს დაიბადა გორში. ვალერიან მჭედლიძე დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე - სოფო ნადირაძე და 13 და 8 წლის შვილები - ანდრია და ანა მჭედლიძეები.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ვალერიან მჭედლიძე გუშინ, 31 მაისს დანიშნა, მჭედლიძემ მამუკა საღარეიშვილი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობდა.

კვირის ამბები