საზოგადოება
31.05.2021 16:18
საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა - გამყრელიძე
საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთჯერადად ვაქცინირებულთაგან კორონავირუსით 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად ვაქცინირებულთაგან კი, ვირუსი 0,2-0,3% -ს შეხვდა.
„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე, ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს. ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია - 0,2-0,3%-მდეა დაინფიცირება. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და საერთოდ აცრა, ოვიდვაქცინა ადამიანებს იცავს. პირველ რიგში, იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან,“- განაცხადა გამყრელიძემ.
კვირის ამბები