31.05.2021 12:05
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს კიდევ 200 დევნილ ოჯახს აუშენებენ, განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა და მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება 14 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს სამშენებლო სამუშაოები კი, უახლოეს მომავალში დაიწყება.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.