საზოგადოება
12.11.2019 16:52
ინტერნეტით გამოწერილი თესლით გაშენებული ფისტას ნერგები გორში

ფისტა, ფსტა, იგივე ბუსტუღი კაკლოვანი კულტურაა, მაღაზიებში 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 60 ლარია. გასაყიდად გამოტანილი ფისტა საქართველოში, ჯერჯერობით, მხოლოდ იმპორტირებულია, თუმცა, დარგის სპეციალისტების თქმით, ქვეყანას გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ბაზარზე ქართული წარმოების ფისტაც გამოჩნდეს, ვინაიდან მისი მოყვანა საკმაოდ ხელსაყრელია. ახალგაზრდა აგროფერმერი ბადრი ციქუბაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გადაწყვიტა, ეს კაკლოვანი მცენარე საკუთარ მიწაზე მოიყვანოს.

„ჯერ კიდევ წლების წინ მქონდა ინფორმაცია, რომ კახეთში აპირებდნენ ფისტას პლანტაციების გაშენებას და დავინტერესდი.  მოვიძიე ინფორმაცია მცენარისთვის საჭირო ოპტიმალურ კლიმატურ პირობებზე, ნიადაგში მჟავე-ტუტის ბალანსზე და სხვა, აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდისთვის ნერგები დეფიციტური იყო საქართველოს ბაზარზე, ამიტომ, თესლი გამოვიწერე, სახლში დავაჩითილე და ღია გრუნტშიც გადავიტანე. ზამთარში ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ყოველი შემთხვევისთვის, ჩალით ვფუთავ. მსხმოიარობაში 7 წლის შემდეგ შედის და  დიდი ინტერესით ველი რა შედეგს გამოიღებს. ფისტა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ბევრ წყალს და არც ნიადაგის გასანოყიერებლად სჭირდება ქიმიური სასუქები, შესაბამისად, მისი მოსავალიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება,“- აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ბადრი ციქუბაძემ.

ახალგაზრდა აგროფერმერის თქმით, აღნიშნული მცენარე ნახევრად უდაბნოს ტიპის ნიადაგზე ხარობს და პროდუქტიულობას 3-4 საუკუნე ინარჩუნებს. უძლებს მინუს 30 გრადუს ყინვას და პლუს 50 გრადუს სიცხეს.

„დღეს, ამ კულტურის გამრავლებისა და განვითარების პერსპექტივა ნელ-ნელა ჩნდება. ფისტა ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი კულტურაა. აშენებენ როგორც სამეურნეო მიზნით, ასევე, კარგია ნიადაგის გაუდაბნოებისა და ეროზიის წინააღმდეგ, ამიტომ, ეკონომიკურთან ერთად,  გარემოს დაცვის კუთხითაც უზომოდ სასარგებლო იქნება თუ იმპორტირებული ნედლეულის  ადგილობრივი მოსავლით ჩანაცვლება მოხდება“, - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.

კვირის ამბები