საზოგადოება
31.05.2021 11:24
დღეს, 31 მაისს, საქართველოში პოლიციის დღეს აღინიშნება

31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„გილოცავთ პოლიციელის პროფესიულ დღეს, ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან ერთად, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ. დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„მივესალმები ჩვენს გმირ პოლიციელებს. მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის. მადლობა მინდა გითხრათ თქვენი გმირობისთვის. მადლობა თქვენს მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. მე ყველზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა, თქვენი 24-საათიანი სამსახური ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამისთვის ჩვენ მადლობას გეუბნებით თქვენ“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კვირის ამბები