შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს, 2021 წლის 31 მაისს იწურება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგანაც.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული ავტომობილების განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს განბაჟების ვადა 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა). აღნიშნული შეღავათი დაახლოებით 19 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება.
31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან”, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ.