საზოგადოება
29.05.2021 11:31
12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაციისთვის დაშვებულია „ფაიზერის“გამოყენება - ევროპის წამლის სააგენტო

12-15 წლის ასაკის მოზარდებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,ფაიზერის" გამოყენების ნებართვა გასცა ევროპის წამლის სააგენტომ.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა შემოწმდა 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდში. კვლევისას 1 005 მოზარდს ვაქცინა გაუკეთეს და მათგან არც ერთს ვირუსი არ გამოუვლინდა, რაც ვაქცინის 100%-იან ეფექტურობაზე მეტყველებს.

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, ისევე, როგორც 16 წელს ზემოთ ადამიანებში, გამოხატულია ტკივილი ვაქცინაციის არეში, სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქად ან საშუალო დონეზეა გამოვლენილი და ქრება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში.

საბოლოოდ, ევროპის წამლების სააგენტომ დაასკვნა, რომ ,,ფაიზერის" ვაქცინის სარგებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში აღემატება რისკებს.

,,ფაიზერი" პირველი ვაქცინაა, რომელიც ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის აცრებისთვის ოფიციალურად დაამტკიცა. აქამდე, აღნიშნული ვაქცინა დაშვებული იყო 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის.

კვირის ამბები