საზოგადოება
28.05.2021 14:19
წადით ყველანი და ჩაიტარეთ ვაქცინაცია, არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან

ჩაიტარეთ ვაქცინაცია, თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ზახაშვილის განცხადებით, არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს. რაც შეეხება ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირების შემთხვევებს, ზახაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს კონტაქტები არ ჰყავთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ახალი შემთხვევების შემოტანისგან დაცულები ვართ.

„ყველა ახალ მუტირებულ შტამს გააჩნია გავრცელების მაღალი პოტენციალი და შესაბამისად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გატარდა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა, შესაძლოა სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება. ეს მუტირებული შტამი როგორც ახლა აფასებენ, გადამდებლობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა მუტირებული შტამები იყო, შესაბამისად შესაძლოა, დაავადების სწრაფად გავრცელება მოხდეს.

დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს. არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან. ინდოეთში იმიტომ გავრცელდა, რომ ინდოეთს ვაქცინაციით მოცვა აქვს უფრო დაბალი ვიდრე საქართველოს აქვს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა.

კვირის ამბები