დაფიქსირებიდან დღემდე, კოვიდ 19-მა მუტაცია რამდენჯერმე განიცადა და შესაბამისად, ჩამოყალიბდა მისი რამდენიმე შტამი: ე.წ. ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური შტამი. კორორნავირუსის პირველადი შტამის შემდგომ, საქართველოში ჯერ ე.წ. ბრიტანული შტამი გავრცელდა, ახლა კი - ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
ვირუსოლოგების ინფორმაციით, ყველა ვირუსი ხასიათდება მუტაციით, ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს და მუტირებული ვირუსი უფრო ძლიერი ან სუსტი ხდება. Covid-19-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მან რამდენიმე მუტაცია განიცადა და ე.წ. “ინდური შტამი” ერთ-ერთი მათგანია. ოფიციალურად ვირუსის ამ შტამს SARS-CoV-2-ის B.1.617 ვარიანტი ჰქვია. თავის მხრივ B.1.617 ორ მუტაციას აერთიანებს, ესენია: E484Q და L452R. ორივე მათგანი ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებში ადრეც იყო დაფიქსირებული, თუმცა, ერთად პირველად სწორედ ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში გამოვლინდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი, ე.წ. ინდური შტამის უფრო სწრაფი გავრცელება ინდოეთში მიმდინარე კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, თუმცა, ამასთან დაკავშირებით კვლევები კვლავ გრძელდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ინდოეთში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხალხმრავალი შეკრებები გახდა. 2021 წლის იანვარში შემთხვევათა კლების გამო მოსახლეობამ ჩათვალა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსის გავრცელების კონტროლმა სახელმწიფო დონეზეც უკანა პლანზე გადაიწია. ამის შემდეგ, ხალხმრავალი შეკრებები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ტარდებოდა. მაგალითად, პირველ აპრილს, უტარაკჰანდის შტატში ყოველწლიურ რელიგიურ ღონისძიება Kumbh Mela-ს 3.5 მილიონი მორწმუნე დაესწრო და ეს შეკრება კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ადგილად იქცა. უტარაკჰანდის შტატში, თებერვალში თუ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 30-60-ს შეადგენდა, აპრილის შუა რიცხვებში დღიურად 2 000-2 500 შემთხვევას მიაღწია.
ამჟამად, COVID19-ის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული.