გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვარიანსა და ახალდაბაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები იწყება. მოსახლეობის ინფორმირებისა და საველე სამუშაოებში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო აქცია მოაწყვეს.
საჯარო რეესტრის თანამშრომლები, რეგულაციების დაცვით, სოფელ ვარიანის და სოფელ ახალდაბის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდნენ, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.
„სოფელი ახალდაბა და სოფელი ვარიანი ერთ–ერთია იმ 28 ადმინისტრაციული ერთეულიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით დარეგისტრირდება კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის იმ 28 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
GMnews -ის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას, მათ შორის, საკადასტრო აგეგმვითი–აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ახორციელებს.