26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში ღონისძიებები დილიდან დაიწყება, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებები მოკრძალებული იქნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პროტოკოლის დაცვით, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. ასევე 5 სხვადასხვა რეგიონში გაიმართება ფიცის დადების ცერემონია: სვანეთში, ფარავნის ტბაზე - ფოკასთან, მცხეთაში, აჭარაში და კახეთში - ნეკრესთან და გაიმართება პირდაპირი ტრანსლირება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით.
დღესვე, 14:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ,,ფეისბუქის" პირად გვერდზე ულოცავს. „დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, დღე, რომელიც, ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“- წერს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.