საზოგადოება
25.05.2021 14:23
სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სექტემბრამდე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს და საჭირო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვლილი.

ინფრასტრუქტურული პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული განახლების პარალელურად, მოეწყობა ეზო, სათამაშო მოედანი და შენობის მიმდებარედ არსებული შიდა გზები.

საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, სკრის საბავშვო ბაღის გარდა, გორის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის კიდევ 3 დაწესებულების რეაბილიტაცია და 1 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას შემდეგ, ნაგებობას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. განახლებულ სასწავლო წელს პატარები განახლებულ და თანამედროვე შენობაში შეხვდებიან.

კვირის ამბები