საინტერესო ამბები
25.05.2021 14:24
ვინ იყო სტალინის ორეული რომელიც საბჭოთა კავშირის ლიდერს დემონსტრაციებზე და აღლუმებზე ცვლიდა
საბჭოთა კავშირში დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა ხმები, რომ სტალინს საიდუმლო ორეული ჰყავდა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ცვლიდა. საიდუმლოს ფარდა მხოლოდ სტალინის გარდაცვალებიდან 55 წლის შემდეგ აეხადა, როცა 85 წლის გენერალ-ლეიტენანტმა ფელიქს დადაევმა სიმართლის თქმა გაბედა. როგორც გაირკვა, ყოფილი მოცეკვავე და მსახიობი კრემლში საბჭოთა უშიშროების სამსახურმა მიიწვია და სტალინის დუბლიორად მუშაობა შესთავაზა.
GMnews მოგიყვებათ სტალინის ოთხი ორეულიდან ერთ-ერთ მათგანზე, რომელმაც პირველად სიმართლე ღრმადმოხუცებულობაში დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნის - „ნაირგვარი სამყარო“, მეშვეობით აღიარა, რომელშიც უმცირეს დეტალებამდე აღწერა, როგორ უწევდა ბელადის როლის თამაში სხვადასხვა დემონსტრაციებზე, სამხედრო აღლუმებზე და ა.შ.
ფელიქს დადაევი დაღესტანში დაიბადა. სამსახიობო ნიჭით გამორჩეულ მოზარდს მსახიობობა სურდა, თუმცა, მალე მეორე მსოფლიო ომის დაიწყო და დადაევი ფრონტზე წაიყვანეს. 1942 წელს გროზნოში იგი მძიმედ დაიჭრა და როცა საავადმყოფოდან დაღუპულთა ცხედრებთან ერთად უნდა გადაეყვანათ, გაირკვა, რომ იცოცხალი იყო. დადაევის მსგავსებამ 60 წელს გადაცილებულ სტალინთან საბჭოთა აგენტის ყურადღება მალევე მიიქცია და სასწრაფოდ გადაიყვანეს კრემლში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი 25 წლისაც არ იყო, გრიმის დახმარებით, ფიზიკურად ბელადს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.
თავდაპირველად, დადაევი საზოგადოების წინაშე სტალინის როლში ხშირად არ ჩნდებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ბერიას მეთვალყურეობის ქვეშ მეცადინეობისას ისე დაიხვეწა, რომ პარტიულ შეკრებებზეც უშვებდნენ. ერთხელ კი, სპორტულ აღლუმზეც გამოჩნდა. დადაევს უდიდესი მისია დაეკისრა მაშინაც, როცა სტალინი იალტაში გაფრინდა კონფერენციაზე, 1945 წლის თებერვალში, რეისი, რომ-ლითაც იგი მგზავრობდა, გასაიდუმლოებული იყო.
„ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ თავად სტალინი იბარებდა აღლუმს. თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მომემატა, როცა გამოვედი და მთავრობის წევრები ოვაციებით შემხვდნენ. ახლა მთავარი იყო, ნაბიჯები არ შემშლოდა: ახლობლების გარემოცვაში სტალინის ნაბიჯები მტკიცე და სწრაფი იყო, ხოლო შეხვედრებსა და მიღებებზე - ნელი და გაწონასწორებული. იალტაში გამგზავრებისას კი, ორი რეისი იყო ორგანიზებული - ერთ-ერთით მე ვმგზავრობდი. ეს ბლეფი იყო, რათა ჯაშუშების ყურადღე-ბა გადაეტანათ. სინამდვილეში სტალინი უკვე იალტაში იყო. თუმცა ამან მაინც ბოლომდე ვერ გაამართლა - იალტაში ნამდვილ სტალინზე ორი თავდასხმა მოეწყო,“- - წერს დადაევი თავის წიგნში.
უდავოა, რომ თუ დადაევი სტალინის როლის ზუსტად მორგებას ვერ მოახერხებდა
აუცილებლად დახვრეტდნენ, რათა საიდუმლო გეგმა არ გამჟღავნებულიყო. ბუნებრივია, საკუთარი მისიის შესახებ ცოლისა და ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს. ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წელს, წიგნის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. სტალინის ორეული დღესაც ცოცხალია, თუმცა, ბელადის სხვა ორეულების შესახებ საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცის.
კვირის ამბები