გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები 27 მაისს დაანონსებულ სპექტაკლს - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, ამავე თეატრის მსახიობის, ქიშვარდ მანველიშვილის დასახმარებლად ითამაშებენ. 67 წლის ცნობილი მსახიობი, რომელსაც სცენაზე სამოცამდე როლი აქვს შესრულებული, გულის მძიმე ოპერაციის შემდგომ ძვირადღირებული სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას საჭიროებს.
„27 მაისს გამართული სპექტაკლიდან - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ შემოსული თანხით, ჩვენი თეატრის მსახიობს ქიშვარდ მანველიშვილს ვეხმარებით. ის გულის მძიმე ოპერაციის შემდგომ ხანგრძლივ და ძვირადღირებულ რეაბილიტაციის საჭიროებს. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში. მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ქველმოქმედებაში და გავერთიანდეთ მსახიობის გადასარჩენად“, - ნათქვამია გორის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ თოჯინური სპექტაკლია, თუმცა, ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი. მთავარი გმირი ოსკარი თოჯინაა, რომელსაც სამი მსახიობი განასახიერებს, სიუჟეტი საავადმყოფოში ვითარდება. სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია.