მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ზოლში დილიდან განახლდა გუშინ გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები. თვითმხილველთა თქმით, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 56 წლის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
მტკვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, იოსებ მარღიშვილის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,გუშინ, ღამის 11 საათამდე მიმდინარეობდა ძებნა, გვიან ღამით მაშველებმა კარავი გაშალეს ამ ტერიტორიაზე და დღეს დილით, გამთენიისას გაგრძელდა ღონისძიებები. მდინარე მტკვარსა და მის სანაპირო ზოლში, სოფლების -კავთისხევის და მეტეხის მთელს პერიმეტრზე მიმდინარეობს ძებნა. ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაერთი ჯგუფია ჩართული, მათ შორის - მყვინთავებიც. 50-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს ღონისძიებებში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ გაუჩინარებულს", - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა.