2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს იწურება
2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს ეწურებათ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდებს ფინანსური სანქციების თავიდან აცილების მიზნით დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები.
„შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა). აღნიშნული შეღავათი დაახლოებით 19 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება. 31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.