საზოგადოება
21.05.2021 13:14
როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში არდადეგები და გაიხსნება თუ არა წელს „საზაფხულო ბაღები“

კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გარკვეული რისკებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის განხორციელდება თუ არა სოციალური პროექტი რომელიც  „საზაფხულო ბაღების“ გახსნას გულისხმობს, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სააგენტო მოცემულ მომენტში ანტიკრიზისული საბჭოს მითითებების გათვალისწინებით მუშაობს. ბუნებრივია, წინასწარ, დაზუსტებით არ შეგვიძლია პროგნოზის გაკეთება რა ეპიდვითარება იქნება ქვეყანაში რამდენიმე თვის შემდეგ, შესაბამისად, „საზაფხულო ბაღების“ შესახებ  საკითხზე ზუსტ პასუხსაც ვერ გაგცემთ.  რაც შეეხება საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დასრულების თარიღს, საზაფხულო არდადეგები 26 ივლისიდან დაიწყება და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება,“ - განაცხადა საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.

ცნობისთვის, „საზაფხულო ბაღების“ პროექტი გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა, შედეგად, გორში ყოველ ზაფხულს, 3 მორიგე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლებიც 250-მდე აღსაზრდელს ემსახურებოდა. გასულ წელს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ზემოხსენებული პროექტი არ განხორციელებულა.

კვირის ამბები