პირები რომლებიც შიდა ქართლში შემნახველი მეურნეობის მოწყობას გეგმავენ, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას მიიღებენ
პირები, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში შემნახველი მეურნეობის მოწყობას გეგმავენ, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას მიიღებენ. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილონ.
შენობა უნდა იყოს სამაცივრო ან მშრალი ტიპის სასაწყობო საწარმო, მისი ტევადობა კი, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას. ასევე, შემნახველი საწარმოს ტექნიკური მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა იყოს კონკრეტულ რეგიონში წარმოებულ ადგილობრივ პროდუქციასთან.
„სამაცივრო ან მშრალი ტიპის სასაწყობო საწარმოს აშენება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი. თანადაფინანსებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ როგორც ვებგვერდზე: www. rda. gov. ge, ასევე, ჩვენი უწყების საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე: 1501“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.