პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვით, ძაღლის დაყეფებისთვის მეპატრონეები შესაძლოა დაჯარიმდნენ.
პირველი საკომიტეტო მოსმენა უკვე გაიმართა.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ამგვარი პუნქტების განხილვა არასერიოზული და კომიკურიცაა.
„გვქონდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, შევაჯერეთ მოსაზრებები, თუმცა პირველ საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტის წევრებმა რატომღაც გარკვეული პუნქტები ჩაამატეს. ერთ-ერთი ასეთი, ძაღლებისთვის ყეფის შეზღუდვაა, რაც არალოგიკური, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია ძაღლის ყეფის აღმოფხვრა"-ამბობს ლაჭყეპიანი.
კანონის მიღების შემთხვევაში, ძაღლის დაყეფებით შეწუხებულ პირს ექნება შესაძლებლობა გამოიძახოს საპატრულო პოლიცია, მეპატრონე კი, 50 ლარით დაჯარიმდება.
ძაღლის ყეფისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ჯარიმები უკვე დაწესებულია. მაგალითად, ჰავაიზე ძაღლებს ხმამაღალ ყეფას უკრძალავს. წესრიგის დამცველებს უფლება ეძლევათ, ძაღლის პატრონები არა მხოლოდ დააჯარიმონ, არამედ განსაკუთრებით ხმაურიანი ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანონ. აქ უკანონოდ ითვლება 10-წუთიანი გაუჩერებლად ყეფა. იმისთვის, რომ მეპატრონეებმა შინაური ცხოველი შეინარჩუნონ, მათ ძაღლების ფსიქოლოგებთან მიყვანა უწევთ.