კოვიდ 19-ის ეპიდემიით გამოწვეული უმძიმესი მდგომარეობის პარალელურად, ინდოეთში კოვიდგადატანილ ან მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებში მუკოროზმა, იგივე „შავი სოკოს“ ეპიდემიამ იჩინა თავი, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ია. ექიმების ვარაუდით, დაავადების გავრცელება იმ სტეროიდებთან არის დაკავშირებული, რომლითაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ. მუკოროზი იშვიათი ინფექციაა, რომელიც თავის ტვინსა და ფილტვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიშია. მუკოროზი განსაკუთრებით სახიფათოა დიაბეტით, კიბოთი, ან აივ / შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყნის 29 შტატის ხელისუფლებას „შავი სოკოს“ ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
BBC-ის ინფორმაციით, გავრცელებული ინფექციის შემთხვევათა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მუკოროზით ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება.