არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების გამო გორის მე-14 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესის დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ლია კოვზიაშვილი
არასრულყოფილად შესრულებული სარემონტო სამუშაოების გამო, გორის მე-14 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესის დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.
კოვზიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით იმის თქმა, თუ როდის დასრულდება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ საბავშვო ბაღში, არ შეუძლია.
„მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამ საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებები. აქდან ერთ-ერთი მე-14 საბავშვო ბაღია, სადაც სწავლის დაწყებას მშენებლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვვარაუდობდით რამდენიმე დღის წინაც, თუმცა, არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების გამო, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტი არ ჩაიბარა და შესაბამისად სწავლის დაწყების თარიღმაც გაურკვეველი ვადით გადაიწია. რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ პრობლემის პრობლემის მოსაგვარებლად. რაც შეეხება გარეჯვრისა და კარალეთის სააღმზრდელო დაწესებულებებს, აღნიშნული ბაღებიც სასწავლო პროცესს სწორედ მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებენ. ორივე მათგანში დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად ტენდერები უკვე გამოცხადებულია“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.