საზოგადოება
20.05.2021 12:01
დღეს მეთორმეტეკლასებისთვის ბოლო ზარია - შეძლებენ თუ არა კურსდამთავრებულები ბანკეტების გამართვას
დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მართალია, „ბოლო ზარის" ღონისძიება კურსდამთავრებულებისთვის არ გაუქმებულა, თუმცა პანდემიის გამო, გარკვეული შეზღუდვებით აღინიშნება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონის შესაბამისად, ქვეყნის ყველა სკოლაში ბოლო ზარი დღეს დაირეკება. საქართველოს მასშტაბით წელს სკოლას 38 650 მოსწავლე დაამთავრებს.

ორი დღის წინ, განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად, ბოლო ზარის, ასევე ექსკურსიებისა და ბანკეტების მოწყობის საკითხს უკავშირდება.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, განათლების სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, მე-12 კლასის მოსწავლეთათვის, სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით ჩატარდეს ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სასურველია მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩატარდეს ღია სივრცეში, თუ სკოლას ამის შესაძლებლობა ექნება. ასევე, სამინისტროს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, მათ შორის ექსკურსიებისა და ბანკეტების დაორგანიზება და განხორციელება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლის პერსონალსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, დაიცვან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები
კვირის ამბები