აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეიჯარეებიც შეძლებენ.
მსურველებს, ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათების მიღება ვებგვერდზე: my.mepa.gov.ge უკვე შეუძლიათ. პროგრამის ბენეფიციარი ელექტრონული ბარათით „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე, ზემოხსენებული პროგრამით მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები სარგებლობდნენ, რომელთაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიგააჩნიათ, გარდა საძოვარისა. ასევე პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას, იჯარის რეგისტრაციას ან/და დაზუსტებას.
GMnews-ის ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
2020 წლიდან, პროგრამის გააქტიურებიდან, დღემდე ფერმერებმა მიიღეს 33,400 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.