საზოგადოება
20.05.2021 11:19
შესრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი საათში - გერმანიის ელჩი დასაქმებულებზე

სეზონურ სამუშოებზე გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი  ურთულეს პირობებშია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროფკავშირულმა გაერთიანებამ გაავრცელა. პროფკავშირების ინფორმაციითვე, დასაქმებულები დაპირებულ ანაზღაურებასაც ვერ იღებენ და მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა.

პროფკავშირების გაერთიანებამ გერმანიის ელჩს და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს მიმართა და საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ველთაურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე საქმის კურსში ჩააყენეს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო და აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურება.

„ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო ორშაბათს ჩავაყენეთ საქმის კურსში. 9 მაისს წავიდა ჯგუფი. მოგვწერეს 10 მაისს და 10-შივე შესაბამისი წერილი გავაგზავნეთ. ამ ერთი კვირის განმავლობაში პერიოდულად გავაგზავნეთ რამდენიმე წერილი; იყო სატელეფონო კომუნიკაციაც. ასევე, ბერლინში საქართველოს საელჩო და საკონსულოც კომუნიკაციაშია როგორც ჩვენს მოქალაქეებთან, ასევე გერმანულ მხარესთან, შრომის სააგენტოსთან. გვქონდა შუალედური პასუხები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო სამშაბათს მოვიდა საბოლოო პასუხი იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დამსაქმებელმა უკვე გაატარა ან გეგმავს. მონიტორინგი ჩატარდება იმაზე, რასაც დამსაქმებელი გაატარებს. აქვე გეტყვით, რომ წინა სამ ჯგუფს, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა, არანაირი პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა ველთაურმა.

დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაებზე დასაქმებულთა ჯგუფიდან ორმა პირმა პირობა დაარღვია და სქემიდან გავიდა, აღნიშნულ პირებს ხელი ჰქონდათ მოწერილი კონტრაქტზე, შრომის პირობებზე, თუმცა ვალდებულებები დაარღვიეს, შესაბამისად, მათ ფედერაცია დააჯარიმებს და გერმანიის რესპუბლიკიდან დეპორტს დაექვემდებარებიან.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გერმანულ უწყებებთან საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი და მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა და გარანტირებული 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი საათში.

დასაქმების ლეგალური პროგრამით, ამჟამად, საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფია დასაქმებული.

კვირის ამბები