კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ გორის ციხის ამსახველ ნახატებს შორის. ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის უდიდესი ნაწილი როსტომ მეფის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ორსართულიანი სახლებიც. გორის ციხის და მისი შემოგარენის ხედი ყავისფერი მელნითაა შესრულებული და ფანქრით აღნიშნულ ჩარჩოშია მოქცეული.
გორში შექმნილი საომარი ვითარება და ქართული ენის არცოდნა, კათოლიკე მისიონერს ადგილობრივებთან ურთიერთობაში ხელს უშლიდა, ამიტომაც იგი მეტწილად სამხატვრო საქმიანობას ეწეოდა.
გორში ცხოვრებისას კასტელი, პაპის კარზე ინტენსიურად აგზავნიდა წერილებს. წერილებიდან ირკვევა, რომ იგი კრიტიკის თვალით შესცქეროდა ყოველივე მართლმადიდებლურს, თუმცა უდიდესი სურვილი ჰქონდა უკეთ გარკვეულიყო ქართულ მსოფლმხედველობაში.