სამართალი
20.05.2021 09:19
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 204 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 204 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 92 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 916 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 196 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

შეგახსენებთ, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

კვირის ამბები