საზოგადოება
20.05.2021 09:05
დღეიდან, 20 მაისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გორში ფასიანი გახდა

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გორში დღეიდან, 20 მაისიდან ფასიანი გახდა. ტარიფი მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე ყველა მგზავრისთვის 50 თეთრით განისაზღვრა.

შეღავათი, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს უწესებს ასეთია - პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში განხორციელებული შემდგომი მგზავრობები უფასოა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა, მგზავრები ავტობუსებით უფასოდ გადაადგილდებოდნენ.

რაც შეეხება საფასურის გადახდას, მხოლოდ პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, მგზავრებს სამგზავრო ბარათის გამოყენების ინსტრუქციები მიმდინარე კვირის განმავლობაში დაურიგეს. საინფორმაციო ბარათში დეტალურადაა მითითებული ყველა ის ქმედება, რისი განხორციელებაც მოუწევს მგზავრს ბარათის ბალანსის შევსებისა თუ მისი ტრანსპორტში გამოყენებისთვის.

სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ „სპარისა“ და „დეილის“ სავაჭრო ობიექტებში, ან „თიბისი“ ბანკის გორის ფილიალებში. ბარათის ღირებულება 2 ლარია, რაც ბალანსზე არ აისახება. რაც შეეხება ბალანსის შევსებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის ტერმინალში თანხის შეტანით, რომელსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

  •  აირჩიეთ სერვისი მთავარი გვერდიდან ან კატეგორია „ტრანსპორტი“-დან
  • მიადეთ ბარათი წამკითხველს
  • შეიყვანეთ თანხა
  • მოათავსეთ თანხა აპარატში და ბარათით ხელმეორედ მიადეთ წამკითხველს.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათის გარდა, შესაძლებელია „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი საკრედიტო ან სადებეტო ბარათით.
კვირის ამბები