კულტურა
18.05.2021 16:06
USAID-ის, კულტურის სამინისტროს, შიდა ქართლის გუბერნიის და გორის მერიის წარმომადგენლებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხეში აღნიშნეს

USAID-ის წარმომადგენლებმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მუზეუმების საერთაშორისო დღე შიდა ქართლის გუბერნატორთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად უფლისციხეში აღნიშნეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გამართვამდე, სტუმრებმა მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს და USAID-ს პროგრამა ზრდა-ს მხარდაჭერით განხორციელებულ იმ პროექტს გაეცვნენ, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა.  

,,გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ვიმყოფებით უფლისციხეში. ამავე დროს, აღვნიშნავთ არაჩვეულებრივ პარტნიორობას, რომელიც გვაკავშირებს ამერიკელ ხალხსა და ქართველ ხალხს. ჩვენ ძალიან ბევრი მიღწევები გვაქვს ერთად, მათ შორის, კულტურისა და ტურიზმის მხარდაჭერის მხრივ. ჩვენ მზად ვართ, კვლავაც მხარი დავუჭიროთ ამ სფეროების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. უფლისციხე მნიშვნელოვანი ძეგლია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის და სიმბოლურია რომ აქ აღვნიშნავთ ამ დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად", - განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

,,ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მუზეუმების საერთაშორისო დღეს სწორედ უფლისციხის სამუზეუმო ნაკრძალში აღვნიშნავთ. სასიამოვნო და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უფლისციხე ჩვენი სიამაყეა. უფლისციხე ცნობილია მთელს მსოფლიოში.

დღევანდელი ღონისძიება, დღევანდელი ჩვენი შეკრება, ემსახურება საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უფლისციხე, სულ მალე, როდესაც პანდემია ჩაივლის, ისევ უმასპინძლებს თითქმის ნახევარ მილიონ ტურისტს და უფრო მეტსაც. ამავე დროს, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელიც თითქმის 30 წელია ახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს. ისიც სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალიან ინტენსიური, საქმიანი ურთიერთობა აქვს USAID-თან, სულ ახლახანს გვქონდა შეხვედრა პროექტის - „ზრდა საქართველოსათვის“ ხელმძღვანელებთან, ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რაც უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ჩვენი კულტურის განვითარებისათვის, იმისთვის, რომ საქართველო იყოს 21-ე საუკუნის ყველაზე თანამედროვე კულტურული განვითარების, კულტურული ტექნოლოგიების, კულტურული მენეჯმენტის ქვეყანა", - აღნიშნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ.

,,მოხარული ვარ რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს შიდა ქართლში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთი ამგვარი პროექტი გახლავთ უფლისციხეშიც, რაც ხელს შეუწყობს ტურისტის მოზიდვას, კომფორტულ გარემოში მიღებას, ასევე, ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზრდას. პროექტის ფარგლებში უფლისციხეში მოეწყო პირველადი დახმარების სივრცე, აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. ძალზე მნისვნელოვანია, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ირგვლივ ძალზე მაღალია საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ჩართულობა", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.

შეგახსენებთ, 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა. 2015 წელს კი, საქართველოც შეუერთდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ წამოწყებულ ინიციატივას - „ღამე მუზეუმში“ და  ამ დღესთან დაკავშირებით დამთვალიერებელს ყოველწლიურად სთავაზობდა ღია კარის დღეებს, თუმცა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუზეუმებმა დამთვალიერებელთან დისტაციური კონტაქტის გზა აირჩიეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“.

კვირის ამბები