საზოგადოება
12.11.2019 14:35
მე-17 საბავშვო ბაღის შენობის ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მე-17 საბავშვო ბაღის შენობის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები 100 კვადრატულ მეტრ ფართობში ხორციელდება. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, საჭიროების შემთხვევაში, კონტიგენტის გაზრდასაც შეძლებს.

რემონტი უტარდება შენობის მეორე სართულზე არსებულ საბავშვო ოთახებს, პირველ სართულზე განთავსებულ სამზარეულოს, ამასთან ორივე სართულზე მიმდინარეობს სველი წერტილების კეთილმოწყობაც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მოურავი“ აწარმოებს, რაც შეეხება ღირებულებას, პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 832 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ მე-17 საბავშვო ბაღის შენობის აღნიშნულ ნაწილში, რამდენიმე წლის განმავლობაში დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ, თუმცა, ეს ოჯახები, სამინისტროს მხრიდან, საცხოვრისით უკვე დაკმაყოფილდნენ.

კვირის ამბები