საზოგადოება
18.05.2021 11:30
რა არის დასაშვები და რა იკრძალება - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები ბოლო ზარის, ექსკურსიებისა და ბანკეტების მოწყობის საკითხთან დაკავშირებით

სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწალეებისთვის, სასწავლო წელი 20 მაისს სრულდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც, სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად, ბოლო ზარის, ასევე ექსკურსიებისა და ბანკეტების მოწყობის საკითხს უკავშირდება.

GMnews-ის ინფორმაციით, სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, ბოლო ზარის ღონისძიება ჩატარდეს სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

„ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ამ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, მე-12 კლასის მოსწავლეთათვის, სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით, ჩატარდეს ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სასურველია მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩატარდეს ღია სივრცეში, თუ სკოლას ამის შესაძლებლობა ექნება.

გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვისას არ ჩაითვალა მიზანშეწონილად სკოლის/მშობლების მიერ დაორგანიზდეს და განხორციელდეს მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობები, მათ შორის ექსკურსიები და ბანკეტები“, - მითითებულია დოკუმენტში, რომელიც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა.

ცნობისთვის, განათლების სამინისტრო კიდე ერთხელ მოუწოდებს სკოლის პერსონალსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, დაიცვან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები.

კვირის ამბები