საზოგადოება
18.05.2021 11:25
ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამუშაო-სასწავლო ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიის ოთხი კადეტი და პროფესორი ალან ფრიდმენი სტუმრობენ

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 17-27 მაისის პერიოდში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო-სასწავლო ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიის ოთხი კადეტი და პროფესორი, ალან ფრიდმენი იმყოფებიან.

„სტუმრებს აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული შეხვდნენ და აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და სტრუქტურა გააცნეს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება. აღნიშნულ პერიოდში სტუმრები გაეცნობიან აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესებსა და ჩაერთვებიან ყოველდღიურ აქტივობებში“, - ნათქვამია ეროვნული თავდაცვი საკადემიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განმარტავენ, ვიზიტი მიზნად ისახავს ორი ქვეყნის აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქვეყნის გაცნობას.

კვირის ამბები